понедельник, 6 января 2014 г.

2011 წლის იანვარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, სტაჟირებაზე დიდ ბრიტანეთში,ნოტინგემის NCN კოლეჯში მივლინებულ იქნა  ინგლისურისა და მათემატიკის მასწავლებელთა 20 კაციანი ჯგუფი.მეც მათ შორის გახლდით...     

2 იანვარი,2011 წელი

საღამოს 9 საათია,უკვე ნოტინგემში ვართ.ძალიან დავიღალეთ.ჯერ 8 საათიანი ფრენა, შემდეგ  საათნახევრიანი რეგისტრაციის ლოდინი ჰითროუს აეროპორტში და შემდეგ კი 2 საათიანი გზა ნოტინგემამდე.ჯერ ვერანაირად ვერ აღვიქვამ,რომ ბრიტანეთში ვარ.

3 იანვარი

დილიდან ქალაქს ვათვალიერებთ.აღმოჩნდა,რომ ქალაქის ცენტრში ვცხოვრობთ და ფეხით შეიძლება მოიარო ქუჩები.თითქოს პატარა ქალაქია,2სართულიანი აგურის ძველი შენობებით,მაგრამ ძალიან ლამაზია აქაურობა,განსაკუთრებით საახალწლოდ მორთული.დღეს რამდენიმე კათოლიკური ტაძარიც დავათვალიერეთ,ულამაზესი ვიტრაჟებით.საღამოს ბოულინგი ვითამაშეთ კლუბში და ბევრიც ვიხალისეთ.


4 იანვარი

დღესაც ქალაქი დავათვალიერეთ.ულამაზესია აქაურობა.განსაკუთრებით საღამოს,საახალწლოდ მორთული გირლიანდებით.ხვალიდან სწავლა გვეწყება და მთელი დღე კოლეჯში ვიქნებით,საღამოს კი ალბათ გავისეირნებთ.დეს ნუნუ დეიდა(ხოხობაშვილი) გაგვიხდა ცუდად,წნევა ქონდა და მაღალი სიცხე ერთდროულად.მერე მაიამ(ჩვენმა ხელმძღვანელმა) სასწრაფო გამოიძახა.გადავირიე,მოვიდა 1ექიმი და იმდენი რამე მოზიდა,პატარა მედ.პუნქტი მოაწყო.კარდიოგრამა ხომ გადაუღო,სისხლის ანალიზიც კი გაუკეთა და პასუხიც ეგრევე უთხრა.შემდეგ აღმოჩნდა,ექიმიც თვითონ იყო,ექთანიც და მძღოლიც.

5 იანვარი

დღეს კოლეჯში ვიყავით,ფანტასტიური შეხვედრა მოგვიწყვეს,ზარ-ზეიმით შეგვხვდნენ...ჩვენს მასწავლებელს აგი ქვია,აგი,ანუ აგნესა.ენერგიული ქალია,ცდილობს უამრავი რამ გვასწავლოს.რამაც ყველაზე ძალიან აღმაფრთოვანა,ეს არის ტექნიკის სიუხვე საკლასო ოთახებში,იქნება ეს ჩვეულებრივი მაგნიტური დაფა,ტელევიზორი,თუ სმარტ-დაფა.საინტერესოდ მიმდინარეობს გაკვეთილები,უამრავ მეთოდს ვსწავლობთ.შუადღისას კოლეჯში ვსადილობთ,სპეციალური ბილეთებიც მოგვცეს 4ფუნტის ღირებულების.მაგრამ სახლი მენატრება და კიდევ პური :((((    დღის მეორე ნახევარში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს სამეცნიერო ცენტრში.მომეწონა ის,რომ იქვე საბავშვო სანახაობები იყო მოწყობილი,იმისათვის,რომ დააინტერესონ ბავშვები მეცნიერებით.ქარის წისქვილიც ვნახეთ,ძალიან მომეწონა.

6 იანვარი

დღეს კოლეჯში აგის გარდა კიდევ 1მასწავლებელი გვყავდა---მერი.ყველა მასწავლებელს სწავლების სხვადასხვა მეთოდი აქვს,მაგრამ ძირითადად ყველა 1პრინციპს ემყარება---საინტერესო გახადონ სწავლება და მინდა ავღნიშნო,რომ კარგად გამოსდით ეს ყველაფერი...საღამოს შობის დადგომა ავღნიშნეთ სასტუმროში.მაიამ „ხალადეცი“ და კუპატები მოგვიტანა,ჩვენც ყველამ საქართველოდან წამოღებული რამე-რუმეები ჩავიტანეთ და კარგადაც მოვილხინეთ.

7 იანვარი

საქართველოში შობაა,აქ კი არ იგრძნობა არაფერი.დღეს ინგლისური მათემატიკა გვქონდა დილიდან,ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.ისევ ახალი პედაგოგი გვყავდა---კატი,სულ სიმღერ-სიმღერით გვასწავლა რიცხვებიJ)))  ძალიან დავიღალე.საღამოს ნოთინგემის ქუჩებში გავისეირნეთ.ქეთი რუხაძე წყალში ჩაგვივარდა,ბევრი ვიცინეთ...

8 იანვარი

დღეს შაბათია და კოლეჯის დირექციამ საჩუქარი გაგვიკეთა-ექსკურსია კემბრიჯში.ხვალ კი ოქსფორდში გავემგზავრებით.საოცარი რამ ვიხილე კემბრიჯში.უძველესი შენობები,რომელშიც 30-მდე უნივერსიტეტია განთავსებული.დავათვალიერეთ ზოგიერთი მათგანი,რომლებშიც მოვახერხეთ შესვლა.ბევრგან კი,მკაცრი გარეგნობის  მოხუცი კარისკაცები არ გვაძლევდნენ შესვლის საშუალებას...შემთხვევით აღმოვჩნდით კემბრიჯის ფიცვილიამის მუზეუმში და მუმიები ვნახეთ.საოცარი შთაბეჭდილებები წამოვიღე ამ პატარა ქალაქიდან.არასოდეს ასე მძაფრად არ შემიგრძვნია გასული საუკუნეების ხიბლი.

9 იანვარი

დღეს დილიდან ოქსფორდისკენ ავიღეთ გეზი.ავტობუსით გავემგზავრეთ,რომელიც შუა გზაზე გაფუჭდა.გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი,რომელმაც აღმოაჩინა,რომ რადიატორში წყალი იყო დასამატებელი,დაამატეს და გზაც გავაგრძელეთ,თუმცა,თითქმის ნახევარი დღე დავკარგეთ.საქართველოში რომ ვყოფილიყავით,მძღოლი ხომ 10 წუთში გადაწყვეტდა ამ პრობლემას,აქ კი მძღოლმა-ეგ ჩემი საქმე არ არისო...

მომხიბლა ოქსფორდმა თავისი გრანდიოზული შენობებით და უნივერსიტეტების მრავალფეროვნებით.ოქსფორდის მუზეუმშიც მოვახერხეთ შესვლა და ბევრი საინტერესო ექსპოზიციებიც ვნახეთ.

10 იანვარი

დღეს  დილიდან ისევ სწავლა-განათლებით ვიყავით დაკავებულნი.დღის ბოლოს კი,გაიმ(NCN კოლეჯის დირექციის წარმომადგენელი) NCN კოლეჯის უმაღლეს სკოლაში(High Pavement Sixth Form College) წაგვიყვანა.გამაოცა იქ ნანახმა.თუ სკოლაში მათემატიკის კურსი ინგლისში საკმაოდ გამარტივებულია,უკვე კოლეჯის პირველი კურსიდანვე,იმ სტუდენტებისთვის,რომლებმაც მათემატიკა სპეციალობად აირჩიეს,ისწავლება საკმაოდ სერიოზული უმაღლესი მათემატიკა.

11 იანვარი

დღეს დატვირთული დღე გვქონდა.დილიდან გაკვეთილი კოლეჯში,შემდეგ კი სერტიფიკატების გადმოცემის საზეიმო ცერემონია,სამახსოვრო ფოტოთი და NCN კოლეჯის კულინარიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული გემრიელი სადილით დამთავრებული.ბევრი ვიხალისეთ და დავაგემოვნეთ საკმაოდ გემრიელი კერძები,თავისი დესერტით,მაგრამ მაინც ქართული საჭმელი მენატრება,მაგალითად,ღომი და ხარჩოL((
საღამოს დავტოვეთ ნოთინგემი და ჩვენმა ავტობუსმა გეზი ლონდონისკენ აიღო.რაღაცნაირად გული დამწყდა,რომ დავემშვიდობეთ ამ პატარა ქალაქს.

ლონდონში ვართ.სასტუმროს ასეთი პაწაწინა  ოთახი არსად მინახავსL(

12 იანვარი

დილიდან ლონდონს ვათვალიერებთ.ვცდილობთ,არაფერი დაგვრჩეს უნახავი.ბუკინგემის სასახლე და გვარდიის ცვლა სასახლის ეზოში,ტრაფალგარის სკვერი და ვესტმისტერის სააბატო.იქვე უზარმაზარი პარკია პატარა ტბით,რომელშიც აუარება ფრინველი ბინადრობს,ციყვები კი გამვლელებთანაც კი პოზირებენ.
საღამოს თეატრში მივდივართ „მამმა მია“-ზე.

დღის განმავლობაში  მეტროპოლიტენით ვმგზავრობდით,1დღიანი ბილეთები შევიძინეთ.მომხიბლა ლონდონის მეტრომ...

13 იანვარი

წუხელ თეატრში ვიყავით პიკადილიზე.ცნობილი მიუზიკლის ძალიან კარგი შესრულება მოვისმინეთ.
დღეს  დილიდან ჯერ ბეიკერ-სტრიტის 221b-ს ვეწვიეთ და შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი დავათვალიერეთ.პაწაწინა ბინა ორ სართულზე იყო განლაგებული და დამთვალიერებელი იმ დროისათვის დამახასიათებელ სასიამოვნო ინტერიერის გარემოცვაში ხვდებოდა ; შემდეგ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმისკენ გავემართეთ.ვის არ ნახავთ იქ.დაწყებული სამეფო ოჯახიდან,თანამედროვე მსახიობებით,მუსიკოსებით,პოლიტიკოსებით თუ სპორტსმენებით დამთავრებული.ვიპოზიორე ყველა ჩემთვის საყვარელ მსახიობთან და არც მარგარეტ ტეტჩერის გვერდით დამავიწყდა ფოტოს გადაღება.
იქვე აღმოვჩნდით კინოდარბაზში 15 წუთიანი 4D ფილმის საყურებლად.განსაცვიფრებელი იყო,როდესაც ზურგში ხანჯალს გირჭობდნენ და ფეხქვეშ კი ჭიანჭველების არმია დარბოდა.
შემდეგ უკვე ორსართულიანი ავტობუსით მოვიარეთ ქალაქი და ტემზაზე კატარღითაც კი გავისეირნეთ.

საღამოს კაპლანის ინტერნაციონალურ კოლეჯს ვეწვიეთ,სადაც გულთბილი მასპინძლობა გაგვიწიეს და კოლეჯის სასწავლო პროგრამები გაგვაცნეს.

14 იანვარი

დღეს სახლში ვბრუნდებით.დილიდან სასტუმროსთან ახლოს მაღაზიები მოვიარე,სასაჩუქრე საკიდები შევიძინე ინგლისური ემბლემებით.
შემდეგ ისევ ჰითროუს უზარმაზარი აეროპორტი,3 საათიანი ლოდინი,8 საათიანი ფრენა და უკვე თბილისში ვარ.

მიყვარს ჩემი სახლი,ჩემი ქვეყანა.